27 ივლისი 2024,   03:29
ვრცლად
მძიმე შედეგების მიუხედავად, უკრაინა 730 დღეა თავისუფლებისთვის იბრძვის და არ ნებდება - ომის ქრონიკა ორ წელს ითვლის

უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, ქვეყნის საზღვარი დასავლეთიდან ევროპელმა ლიდერებმა გადაკვეთეს. იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებმა რუსეთის აგრესია ომის სიმბოლოდ ქცეულ ქალაქ ჰოსტომელიდან დაგმეს და უკრაინელ ხალხს გამარჯვება უსურვეს.

უკრაინული სიამაყის სიმბოლოსთან დღეს კიევის მხარდამჭერი ურსულა ფონ დერ ლაიენიც ჩავიდა. ევროკომისიის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალთანაც მივიდა და უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ევროპა იქამდე დაეხმარება, ვიდრე საჭირო იქნება.

ევროპელი ლიდერების ერთგულებაში რომ ეჭვი არ ეპარება, ეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პუტინის დამარცხებას აუცილებლად შეძლებს.

მშვიდობის დადგომას უსურვებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები უკრაინას გავრცელებული ვიდეომიმართვებით.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავი საქართველოს პრეზიდენტმაც შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ევროპის დაყოფა ვერ შეძლო. განცხადება გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ომის დაწყების დღიდან, საქართველო უკრაინის უპირობო მხარდამჭერია, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა და აქვს უსაფრთხოების კუთხით. პრემიერ-მინისტრმა კი, განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით გამოიხატება.

საქართველოს მთავრობის მეთაურის მსგავსად, განცხადებები გაავრცელეს აშშ-ის პრეზიდენტმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, როდესაც პუტინმა თავის ჯარისკაცებსა და ტანკებს უკრაინაში შეჭრა უბრძანა, იფიქრა რომ მსოფლიო გადატრიალდებოდა, მაგრამ უკრაინელები ძალიან ძლიერები არიან.

"ძლიერია დასავლური გაერთიანება და დემოკრატიაც. ერთად დავუმტკიცოთ პუტინს, თუ რა შეგვიძლია", - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით კი, დადგა მომენტი, მსოფლიომ აჩვენოს, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს. რიში სუნაკის განცხადებაში წერია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იდგება, სანამ საჭირო იქნება.

დღის ამბები