"ქვეყანა საკმაოდ რთულ პერიოდში შედის და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებისა და სტუდენტების, ასევე მწერლებსა და გამომცემლების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, პირველ რიგში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენა.
"ჩვენ ახლა, ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ, როცა ვამზადებთ არჩევნებს, რომლებიც (ყველა გვეუბნება და) ჩვენც კარგად ვიცით გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ანუ მოლაპარაკებების გახსნის შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ, ამიტომ ამ არჩევნების ირგვლივ ყველა იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა.
ამიტომ, ეს არჩევნები ერთგავრად იქნება: - "ევროპა, თუ არა ევროპა" - ამ ტიპის არჩევნები და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ: რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, რომელსაც უკვე ვხედავთ; პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც ასევე ვხედავთ, შეიძლება თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩანს, რაც არიან და ასეთები ბევრი იქნება და მათი დაფინანსება ალბათ, არ გაუჭირდებათ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საღამო ოკუპაციის თემაზე შექმნილი პერფორმანსით დასრულდა.