ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოს წარმოებაში დაჩქარებულად არ მიუღია - იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ საქმის განხილვა სტანდარტული პროცედურებით მოხდება, რასაც მთელი წელი დასჭირდება.
გუშინ "ლელოს" ლიდერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაიწყო საქმის განხილვა და მას პრიორიტეტი მიენიჭა.
როგორც გითხარით, საუბარია ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც, ბრალი წაუყენეს მამუკა ხაზარაძეს და მის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს. საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის იანვარში გამოაცხადა - ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.