29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
გაზრდილი საკომისიო გადასახადების შემცირება და ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლება ყველა კატეგორიის ტაქსისთვის - აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს

აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა, პროფკავშირებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გაზრდილი საკომისიო გადასახადების შემცირება და ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლება ყველა კატეგორიის ტაქსისთვის.

მათი განცხადებით, "იანდექსსა" და დასაქმებულებს შორის არსებული შუამავალი კომპანია, "რაიდექტ ჯორჯია" ვერ უზრუნველყოფს ტაქსისტების შრომითი უფლებების დაცვას.

"ადრე ვიხდიდით 12-ს პლუს 3%-ს, ახლა ვიხდით სადღაც 20%-მდე. ვითხოვთ ამ პროცენტის დაწევას, იმიტომ, რომ შემოსავალი, ტარიფი დარჩა იგივე და ის პროცენტი, რაც გაიზარდა, მიდის ისევე ჩვენი ტარიფიდან. მეორე რიგში ვაპროტესტებთ ავტობუსის ზოლში მოძრაობის პირობებს," - აცხადებს ტაქსის მძღოლი ზურა ბუნტური.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ მათ 12%-იანი საკომისიოს ნაცვლად, 20%-ის გადახდა უწევთ, საკითხი არაერთხელ დააყენეს კომპანიის წინაშე, თუმცა უშედეგოდ. ტაქსისტები სახელმწიფოს თხოვნით მიმართავენ, დარეგულირდეს მომატებული საკომისიო ტარიფები.

"სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ ჩაერთოს და იყოს მხარე იმიტომ, რომ ათასობით ადამიანია დასაქმებული და ამ ადამიანების ბედზეა დამოკიდებული უსაფრთხო მგზავრობა," - აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია.

 

დღის ამბები