თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველამ კარგად იცის ვისიც არის ტელეკომპანია "ფორმულა" და რა თაღლითური სქემებით ძარცვავდა მისი მეპატრონე კეზერაშვილი პენსიონერებს.
კალაძის თქმით, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ კონგრესსა და სენატში მათ არავინ შეხვდა.
"ფორმულა" ვისია? ვინ არის ამ ტელევიზიის უკან? ეს არის კეზერაშვილი. რით იყო კეზერაშვილი დაკავებული მთელი ცხოვრება? რას წარმოადგენს და რა რეპუტაცია აქვს ვიცით. ბოლო წლების განმავლობაში რას აკეთებდა, საზოგადოებამ, მთელმა ევროპამ და მსოფლიომ გაიგო. რა თაღლითური ხერხებით მოქმედებდა ვიცით, მე პენსიონერების ძარცვა მაქვს მხედველობაში. შესაბამისად, ცხადია არ შეხვდებოდა", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "Cornerstone Government Affairs"-ის მიერ 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ "კორნერსტოუნის ჯგუფის" მცდელობის მიუხედავად, კონგრესსა და სენატში სასურველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეხვედრებზე მოთხოვნები ძირითადად უპასუხოდ რჩებოდა. ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო ვერცერთ სენატორთან ან კონგრესმენთან შეხვედრის ორგანიზება და მხოლოდ კონგრესის რამდენიმე თანამშრომელთან/სტაფერთან მოახერხა შეხვედრების ჩანიშვნა.