16 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ვეტინგი არ არის სწორი რეფორმა ჩვენი სასამართლო სისტემისთვის - უნდა გვესმოდეს, რომ მას თავისი ძალიან დიდი რისკები აქვს - მიხეილ დაუშვილი

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა, სასამართლო სისტემაში "ვეტინგის" დანერგვაზე საუბრისას, განაცხადა, რომ ეს პროცესი საქართველოსთვის "სწორი რეფორმა არ არის".

"ვეტინგი არ არის სწორი რეფორმა ჩვენი სასამართლო სისტემისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ვეტინგს თავისი ძალიან დიდი რისკები აქვს.

ჩვენი მიდგომა არის ის, რომ სასამართლო სისტემაში, სადაც მთავარი რეფორმებია ჩასატარებელი, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ საბჭოში უნდა მოხდეს გავლენის ჯგუფის ძალაუფლების რეკონსოლიდაცია. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, რამდენი მოსამართლეცაა, ჩამოუარო და შეუმოწმო კეთილსინდისიერება. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მძიმე ჩარევებით, საერთოდ რა რეფორმას გაატარებ და რა სისტემას მიიღებ, არავინ იცის - ხარისხზე გარანტია ვერავის ექნება.

საერთოდ, დიდი რისკია, ვინ და როგორ გააკეთებს. იმდენად დიდი რისკები აქვს ვეტინგს, რომ ამაში ჩვენ არანაირად არ შევალთ. არასწორია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამის მთავარი ლობისტი “ნაციონალური მოძრაობაა”, რომელმაც, რამდენიმე თვის წინ, “ოცნებასთან” ერთად, მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოში რამდენიმე ადამიანის დანიშვნას. ამის მერე, მათთან ერთად და მათ ლობირებულ რომელ პროგრამას და რომელ ე.წ. რეფორმას შეიძლება მხარი დავუჭიროთ?" - განაცხადა დაუშვილმა.

არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციის ნაწილთან ერთად, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნას ისევ ითხოვს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პროცესში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტებს უნდა მიენიჭოთ. ვეტინგის სისტემა მიუღებელია უმრავლესობისთვის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ოპოზიციის მიზანი სასამართლოს მიტაცების მცდელობაა.

დღის ამბები