არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციის ნაწილთან ერთად, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნას ისევ ითხოვს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პროცესში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტებს უნდა მიენიჭოთ.
ვეტინგთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აზრები ორად იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმის განხორციელება საჭიროა, რადგან ეს ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილია, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ვეტინგის სისტემა საქართველოში ვერ იმუშავებს.
ვეტინგის სისტემა მიუღებელია უმრავლესობისთვისაც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ოპოზიციის მიზანი სასამართლოს მიტაცების მცდელობაა.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავარი იურისტი თამთა კახიძე აცხადებს, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი უნდა შეიქმნას.
"აუცილებელია, შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რაც არის რეკომენდაციის სახით გაცემული. ეს გულისხმობს იმ პირების კეთილსინდისიერების გადამოწმებას, რომლებიც არიან იუსტიციაში, უზენაეს სასამართლოში, არიან ასევე სასამართლოების თავმჯდომარეები. აქ საუბარია იმაზე, თუ რა სჭირდება საქართველოს და რა არის საქართველოს მხრიდან ევროკავშირისთვის საჭირო მოთხოვნები,"- აცხადებს კახიძე.