არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციის ნაწილთან ერთად, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნას ისევ ითხოვს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პროცესში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტებს უნდა მიენიჭოთ.
ვეტინგთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აზრები ორად იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმის განხორციელება საჭიროა, რადგან ეს ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილია, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ვეტინგის სისტემა საქართველოში ვერ იმუშავებს.
ვეტინგის სისტემა მიუღებელია უმრავლესობისთვისაც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ოპოზიციის მიზანი კი სასამართლოს მიტაცების მცდელობაა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა ყველა ქვეყანაში დამაბალანსებელ შტოს წარმოადგენს.
"როდესაც ვსაუბრობთ სუვერენულ ქვეყანაზე და ოპოზიცია გვთავაზობს, მოსამართლეები დაგვინიშნონ უცხოურმა ძალებმა, საელჩოების მეშვეობით, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ უნდათ, საქართველო იყოს მათი პატრონების კოლონია და ეს არის გამორიცხული. ამას ქართული საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს არასწორად. მართლმსაჯულების სისტემა ყველა ქვეყანაში დამაბალანსებელ შტოს წარმოადგენს," - აცხადებს მაჭარაშვილი.