27 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მილიონიანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა 5 მილიონით - პრემიერი საპატრიარქოს დაფინანსების გაზრდაზე

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, თუ რისთვის გამოიყო საპატრიარქოს დასაფინანსებლად საერთო ჯამში 35 მილიონი. მისივე თქმით, ყველაფერი არის გამჭვირვალე და საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე.

"რაც შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას, 30 მილიონი იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის. კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, ანუ მიმართულია საპატრიარქოსკენ და საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. იყო 30 მილიონი გამოყოფილი, თუმცა გარკვეული საჭიროებები წარმოიშვა, რის გამოც, აუცილებელი გახდა 5 მილიონით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა. ანუ იყო 30 მილიონიანი დაფინანსება, დავამატებთ 5 მილიონი, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს", - აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე - უკავშირდება თუ არა ეს დამატებითი დაფინანსება წინასაარჩევნო კამპანიას, კობახიძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება, 30 მილიონი აღნიშნული მიზნისთვის ჯერ კიდევ შარშან გამოიყო, რომელიც წელს 5 მილიონით გაიზარდა.

"ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ, არჩევნებთან კავშირი არ აქვს. ეს არ არის ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მილიონიანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მილიონით.

საჭიროება იყო შესაბამისი, ყველაფერი არის გამჭვირვალე, საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, რამდენიმე ათეულ სკოლაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სასკოლო დაწესებულებებზე, ანუ მთლიანობაში მოხდა ხუთი მილიონით მათი დაფინანსების გაზრდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები