27 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ვერავინ მისცემს დავალებებს, მათ შორის, ვერც ერთი მეგობარი და პარტნიორი, საქართველო მოქმედებს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად - ირაკლი კობახიძე

თქვენ იცით ყველაფერი კეთდება, რათა საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, კერძოდ, კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, მათ შორის დაინერგა ელექტრონული ხმის მიცემის, დათვლის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემა, რაც ძალიან ბევრ რამეს აზღვევს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ცესკო-სთან დაკავშირებით.

"გარდა ამისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება კანონმდებლობაში, როდესაც ცესკო-ში აღმოიფხვრება ჩიხური მდგომარეობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რათა საქართველოში ჩატარდეს გამართული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები",- განაცხადა პრემიერმა.

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისა და განხილული თემების კონტექსტში, პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, კიდევ რა საკითხებზე ისაუბრეს სტოლტენბერგთან პირისპირ შეხვედრაზე გარდა იმისა, რაც "მიიღო კონკრეტული დავალებები – თავისუფალი არჩევნები და სამართლიანი სასამართლო", რაზეც ირაკლი კობახიძის ოპასუხი იყო, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერავინ დავალებებს ვერ მისცემს.

"სიტყვა დავალებას რაც შეეხება, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ვერავინ დავალებებს ვერ მისცემს, მათ შორის, ვერც ერთი მეგობარი და ვერც ერთი პარტნიორი. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოქმედებს არა დავალებებით, არამედ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება რჩევებსა და რეკომენდაციებს, მზად ვართ, ყველაფერი მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები