27 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
დღე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა - 43 წლის შემდეგ განმეორებული გიჟური ღამე თბილისში და ახდენილი, ათწლეულების ოცნება

საქართველოს ნაკრები ევროპის ტოპ ქვეყნების გვერდით, კონტინენტის უდიდეს პირველობაზე ითამაშებს. ევროპული ფეხბურთის დაბადება საქართველოში გულშემატკივარმა საბერძნეთის ნაკრებზე გამარჯვების წამიდან ნახა, იზეიმა და წლობით ნანატრი ოცნება აიხდინა. ისტორიაც ისტორიულ ადგილას დაიწერა.

საფეხბურთო სამყაროში სათქმელიც ისევ ერთად თქვეს. ქართველი ფეხბურთელების 120-წუთიანი დაუღალავი თამაშის, გულშემატკივრების უწყვეტი ქომაგობისა და დრამატული თერთმეტმეტრიანების შემდეგ, ტრიბუნებიდან მეთორმეტე მოთამაშე მოედანზე გავიდა.

საქვეყნო ზეიმიც აქედან დაიწყო. მათ, ვინც ამ გამარჯვებას დიდხანს ელოდა, ემოციებიც შესაბამისი ჰქონდა,

სტადიონის ატმოსფერო მალევე მთელ ქვეყანას მოედო და ქართულმა საფეხბურთო ემოციამ ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა. ევროპულ კარში გატანილ გოლსა და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ყველა თავისებურად აღნიშნავდა, იქ და ისე, სადაც იყვნენ და როგორც შეეძლოთ. არაერთხელ შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნიც. სტადიონზე, სახლებსა თუ ქუჩებში.

ისინი, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდნენ, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს თამაშს თვალს დიდ ეკრანზე ქალაქის ცენტრიდან ადევნებდნენ. რესპუბლიკის მოედანზე უყურებდნენ თამაშს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

გუშინდელი დღის გმირებს არც ისინი დავიწყებიათ, ვინც მათ გამარჯვებას ქუჩაში და დიდ ეკრანზე ელოდა. რესპუბლიკის მოედანზე ღირსეულებს ღირსეულადაც დახვდნენ.

წლობით ნანატრმა გამარჯვებამ მთელი საქართველო გააერთიანა. ავტოკოლონებით მსვლელობები ქუჩებში, დროშები, საყვირები და საზეიმო შეძახილები - ტაბლოზე დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგსა და ჩემპიონატის საგზურის აღნიშვნაში რეგიონები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ.

იზეიმეს ემიგრანტებმაც. საბერძნეთის ნაკრებთან საქართველოს გამარჯვებას ელოდნენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველები.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს საქართველოს პატრიარქი.

ევროპულ ტაბლოზე საქართველოს ჩაწერის შემდეგ ქვეყანამ მილოცვები მიიღო ევროპელი მეგობრებისგანაც - გერმანიიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, ესტონეთიდან. ქართულ საფეხბურთო საგზურს გამოეხმაურნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც. ხვიჩა კვარაცხელიას სამშობლოს მიულოცა ნაპოლიმაც.

ქართული საფეხბურთო ზღაპრის პირველი თავი უკვე დასრულდა. ეს ემოციებიც უკვე ისტორიაა. ქართველი გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ახალ გამარჯვებას ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატის ტრიბუნებიდან დაელოდება.

დღის ამბები