მმართველი პარტია ნიკა გვარამიას ურჩევს, სიმართლეს შეეგუოს. ”ქართულ ოცნებაში” დარწმუნებულები არიან, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მომჩივანი ყოფილი გენერალური პროკურორი იმავე შედეგს მიიღებს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან უკვე მიიღო. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, საქმის განხილვაზე უარით, სტრასბურგმა პასუხი, ნიკა გვარამიასთან ერთად, ყველა იმ ადამიანს გასცა, რომელიც მის პოლიტპატიმრობას ამტკიცებდა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გვარამიას მხრიდან სტრასბურგისთვის მიმართვაც შეცდომა იყო, რადგან შედეგი მისთვისვე დამაზიანებელი აღმოჩნდა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები მაინც ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას საქმეს პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. რატომ არ მიიღო საქმე განსახილველად სტრასბურგმა? - ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, სარჩელი იურიდიულად გაუმართავი ყოფილიყო.
სამართლებრივ დეტალებზე არც გვარამია და არც მისი გუნდის წევრები არ საუბრობენ, ”ქართული ოცნება” კი სტრასბურგის შემდეგ გაეროში საქმის წაღებას მარცხის გადასაფარად მოფიქრებულ პიარკამპანიას უწოდებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პარტიის "ახალი" დამფუძნებელმა სტრასბურგის სასამართლოს უნდობლობა კონკრეტული მიზეზის გამო გამოუცხადა. ამბობენ, რომ სარჩელის დაუშვებლობამ აშკარა გახადა გვარამიას მცდელობა საქმის პოლიტიზების შესახებ.
ნიკა გვარამიამ საპატიმრო გასულ წელს, პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა. მას, ”რუსთავი 2”-ისთვის ფინანსური ზიანის მიყენებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.