ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება - სტრასბურგის სასამართლოს უარის შემდეგ, ბედი გაეროში სცადოს, პოლიტიკური შეფასებების თემაა. პარტიის "ახალი" დამფუძნებელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროსასამართლომ გვარამიას საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა.
ნიკა გვარამია ევროპის სასამართლოს არ ენდობა და, ამ მიზეზით, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჩივის. ოპოზიციაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შეაქვთ - ნაწილი ფიქრობს, რომ გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყო, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ სტრასბურგმა გვარამიასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი უკვე გასცა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სტრასბურგში გასაჩივრება გამოსავალი არ არის.
"არ არის ყოველთვის სტრასბურგში გასაჩივრება და მითუმეტეს სტრასბურგის [გადაწყვეტილების] კიდევ სადღაც გადასაჩივრება გამოსავალი. პირველად გავიგე ჩემს პრაქტიკაში, სტრასბურგის სასამართლოს რომ ვინმე ასაჩივრებდეს. მე მაგალითად, ამ საქმის სტრასბურგში წაღებას არც ვურჩევდი, ეს რომ ჩემთვის ეკითხა თავის დროზე, ზუსტად ამ რისკის გამო,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.