16 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ხალხს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი - გიორგი ვაშაძე სტენსილებზე

"დიდი ფული სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობისთვის და მოსამართლეების წინააღმდეგ უცხოეთიდან დაფინანსებული, კოორდინირებული კამპანია", - ასე აფასებს მმართველი გუნდი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით თბილისის შენობებზე გაკეთებულ სტენსილებს.

უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კამპანიის უკან "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან, რომლებიც დიდი თანხებით ფინანსდებიან.

სტენსილებში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. "იძებნება სამართალი" - ამ შინაარსის, საღებავით გაკეთებული წარწერები, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში გუშინ გამოჩნდა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ხალხს აქვს და სტენსილის შინაარსთან დაკავშირებით საზოგადოებაში კონსენსუსია.

"ხალხს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი. საზოგადოებაში კონსენსუსია ამ შინაარსთან დაკავშირებით, რაც აქ არის გამოხატული. ამას უნდა პასუხი იმ ცვლილებებით, რომლებსაც ევროკავშირი ითხოვს, რათა დაჩქარებული წესით გავწევრიანდეთ ევროკავშირში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილი განცხადებით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა სერიოზულად დამახინჯდა, რაშიც დიდი წვლილი "ქართულმა ოცნებამაც" შეიტანა.

"ჩვენი სამართლებრივი სისტემა, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემა, სერიოზულად დამახინჯდა, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა "ოცნებამაც". ეს არის გასასწორებელი, ამ გასწორების საქმეში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რაც გაგვაჩნია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დღის ამბები