თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული წარწერები რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტი და სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად გაანალიზა, ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება, ყველაფერს არქმევს თავის სახელს და ოპოზიციას არაფერი გამოუვა.
"რა თქმა უნდა, ეს არის რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტი და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ, წლების განმავლობაში გვახსოვს ასეთი ბინძური კამპანიები, რომლებიც ხორციელდებოდა. ვიცით საიდან ფინანსდებოდა ყველაფერი, ვისგან ფინანსდებოდა. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ვინ იყო დამკვეთი და ვინ შეასრულა. არსებობენ ძალები, ვისაც აქვთ იმის სურვილი, რომ დაიქვემდებარონ სასამართლო, მოსამართლეები და ისინი მართავდნენ ამ ყველაფერს. არა კონსტიტუცია და ქართველი ხალხი, არამედ კონკრეტულად ის პირები, ადამიანები თუ ორგანიზაციები და ა.შ. ყველაფერი ცხადია, ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ვიცით როგორ მოქმედებს ქვეყნებში კამპანიების დაფინანსება, რა უდევს ამას საფუძვლად და რატომ კეთდება. ქართველმა ხალხმაც უკვე ყველაფერი ძალიან კარგად გაანალიზა, ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება და ყველაფერს არქმევს თავის სახელს", - განაცხადა კახა კალაძემ.