16 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
კოორდინირებული კამპანია და დიდი ფული ქართული სასამართლოს დისკრედიტაციისთვის - ვინ დგას თბილისში გაკეთებული წარწერების უკან

სასამართლოს დისკრედიტირებისთვის, ლობისტებისგან მიღებული დიდი ფულის სანაცვლოდ წამოწყებული აქტივობა - ასე აფასებს მმართველი პარტია ე.წ. სტენსილების კამპანიას, რომელიც თბილისის ქუჩებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. "იძებნება სასამართლო" - ამ შინაარსის წარწერების მიღმა, სახელისუფლებო გუნდი, "ნაცმოძრაობის" მხრიდან, სასამართლო ხელისუფლების კვლავ ხელში ჩაგდების სურვილს ხედავს. "ოცნებაში" ამბობენ, რომ არასამთავრობოების ნაწილისა და ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, ეს მიზანი დაუძლეველია, რადგან, 2012 წლის შემდეგ, სისტემა ევროპული სტანდარტით მოქმედებს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც ადასტურებს.

ბრალდებას უარყოფენ, თუმცა სტენსილების შინაარსს განცხადებებში თითქმის იდენტურად იმეორებენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები. პოლიტიკოსები სასამართლო ხელისუფლების სრულად შეცვლას უჭერენ მხარს და ამბობენ, რომ ეს საზოგადოებრივი დაკვეთაა.

სტენსილების კამპანიის დასაფინანსებლად რომ გარკვეულ დონორებს თანხა გამოეყოთ - არ გამორიცხავენ "გირჩში". პოლიტიკურ ცენტრში ფიქრობენ, რომ ფინანსების ამ ფორმით დახარჯვა არასერიოზული და უშედეგო იქნება. მათი თქმით, "ნაცმოძრაობის" მხრიდან სასამართლოს რეფორმირების მოთხოვნა საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს.

დისკრედიტირების კამპანიის უკან რომ უცხოური ფული და სასამართლოს ხელში ჩაგდების სურვილი დგას, ამაში მმართველი გუნდი დარწმუნებულია. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, მოსამართლეების წინააღმდეგ ოპოზიციამ არაერთი ნაბიჯი გადადგა. პოლიტიკოსებმა დღეს იმ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებზეც ისაუბრეს, რომლებიც უშუალოდ წარწერების კამპანიას აორგანიზებენ. თქვეს, რომ აუცილებელია მათი მხრიდან დაფინანსების წყარო გასაჯაროვდეს.

სტენსილები მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ თბილისში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კამპანიასთან კავშირს უარყოფს, მაგრამ წარწერების შინაარსს იზიარებს.

დღის ამბები