პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე, სალომე ზურაბიშვილის მორიგი ვეტო დააანონსა.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ის ფაქტი, რომ ჯერ არმიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე ვეტოზე საუბრობენ, მიანიშნებს, რომ არავითარი დისკუსიის მოსმენა არ სურთ.
ასევე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის წარმომადგენელს უფლება არ ჰქონდა დაესვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, პარლამენტი კანონპროექტს დაარეგისტრირებს თუ არა:
"იმდენად უხეშად არღვევენ კონსტიტუციის დათქმებს, რომ ეს ჩვენთვის გასაკვირი არ არის. პრეზიდენტის წარმომადგენელს არავითარი უფლება არ ჰქონდა დაესვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, პარლამენტი კანონპროექტს დაარეგისტრირებს თუ არა. ეს არის დამოუკიდებელი საპარლამენტო სუბიექტის უფლებებში ჩარევა. საკანონმდებლო ხელისუფლებაში ჩარევის უფლება პრეზიდენტს არ გააჩნია, მით უფრო, რომ ტყუილს ამბობენ, თითქოს ეწინააღმდეგება რაიმე საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს. ეს იქნება ე.წ. ვეტო და არავითარი ფასი და სამართლებრივი ღირებულება ამ დოკუმენტს არ ექნება. ამიტომ, ჯერ არ მიღებულ კანონპროექტზე უკვე ვეტოს დადებაზე რომ საუბრობენ, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი დისკუსიის მოსმენა არ სურთ და ე.წ. პრეზიდენტია ამ ყველაფრის ფლაგმანი. ეს ასევე იმაზე მიუთითებს, რომ მათ პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გათელეს," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ინიციირებულია. ბიუროს სხდომა, სადაც კანონპროექტზე მსჯელობდნენ, კამათის ფონზე წარიმართა.