ჰოლანდიელი ინვესტორის ინტერესების დამცველი, სავარაუდო თაღლითური სქემის უკან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხედავს. საუბარია მათი კლიენტის მიერ 2017 წელს "იმერეთი გრინერის" ობლიგაციებში განხორციელებულ 400 000 დოლარის ინვესტიციაზე,რის შემდეგაც კომპანია გაკოტრდა. ადვოკატების თქმით, "იმერეთი გრინერში" წილი ხაზარაძე-ჯაფარიძის "ჯორჯიან ფრეშ ჰოლდინგს" ჰქონდა. კომპანიის 2 მილიონად შეფასებული ფასიანი ქაღალდები კი "თიბისი კაპიტალმა" გამოუშვა, რომელიც ასევე მათთან დაკავშირებული ორგანიზაციაა. უცხოელი ბიზნესმენის იურისტები ფიქრობენ, რომ კომპანიის ფინანსური განულების გზით სარგებლის მიღება სავარაუდოდ, ყოფილი ბანკირების ინტერესს წარმოადგენდა.
ინვესტორმა, რომლის ვინაობასაც ამ დრომდე ადვოკატები კონფიდენციალურად ტოვებენ უკვე მიმართა ეროვნულ ბანკს. ჰოლანდიელი ბიზნესმენი ცენტრალური საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან ყოფილი ბანკირების სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის დადგენას ითხოვს. მოკვლევა რომ მართლაც დაიწყო, ეს "კურიერს", დღეს ბანკიდან ოფიციალურად დაუდასტურეს.
მედიასთან დღეს თავად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გამოჩენილან. ლიდერების ინტერესების დაცვა კი მათ პოლიტიკურ თანაგუნდელებს მოუწიათ. ლელოში ხაზარაძესთან დაკავშირებული კომპანიის მხრიდან ინვესტორების წინაშე აღებულ ვალდებულებებზე საუბარი არ სურთ და ამტკიცებენ რომ ნახევარი მილიონი დოლარის ობლიგაციების განულება ბიზნესმენების პასუხისმგებლობა არ არის.
ფინანსურ მაქინაციასთან დაკავშირებით ლელოს ლიდერების მიმართ მორიგი ბრალდება საპარლამენტო უმრავლესობაში არ უკვირთ. სახელისუფლებო გუნდმა, დღეს, ყოფილ ბანკირებს, თაღლითობის მუხლით მათ წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლოს განაჩენიც შეახსენა. კანონმდებლების აზრით, ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური გზაც მათი ბიზნესსაქმიანობის იდეური გაგრძელებაა,
გახდება თუ არა ჰოლანდიელი ინვესტორის ბრალდება ყოფილი ბანკირების წინააღმდეგ, გამოძიების დაწყების საფუძველი ჯერ უცნობია. ბიზნესმენის ადვოკატები ეროვნული ბანკის დასკვნის შემდეგ სასამართლოსთვის მიმართვას და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას აპირებენ.