16 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
პრორუსული პარტია "ალტ ინფო" საჯარო რეესტრმა დღეს ოფიციალურად გააუქმა - გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღეს

კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. "ალტ ინფოს" სახელით ცნობილი პრორუსული ორგანიზაცია საჯარო რეესტრმა, დღეს, ოფიციალურად გააუქმა. უწყებამ გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო. უკვე გაუქმებული პარტიის წარმომადგენლები დოკუმენტაციაში რაიმე სახის ხარვეზს უარყოფენ და არც იმას ადასტურებენ, რომ "ალტ ინფო" პრორუსული ორგანიზაციაა.

კონსერვატიული მოძრაობა, როგორც პარტია, პოლიტიკური ორგანიზაციების ჩამონათვალში უკვე აღარ იძებნება. დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმარტება გაკეთდა იუსტიციის სამინისტროშიც. კანონდარღვევით წარდგენილი დოკუმენტაცია და რეგისტრაციის დროს არსებული ხარვეზები - ეს ის მიზეზებია, რის საფუძველზე კონსერვატიული მოძრაობა ოფიციალურად დაიხურა.

ოპოზიციის ნაწილი, რეესტრის გადაწყვეტილების სამართლებრივ განხილვაში არ შედის, ნაწილი კი ამბობს, რომ პრორუსული ორიენტაციის მიუხედავად, პარტიის გაუქმება მიუღებელია.

მმართველ გუნდში გადაწყვეტილების კანონიერებას ეჭვქვეშ არ აყენებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნებისმიერი პარტია რეგისტრაციის დროს დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს.

რა სახით განაგრძობს კონსერვატიული მოძრაობა საქმიანობას, ჯერ უცნობია.

დღის ამბები