18 ოქტომბერი 2024,   08:53
ვრცლად
ირაკლი კობახიძე გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

საქართველოს პრემიერი-მინისტრი გერმანიაშია. ირაკლი კობახიძე დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. პირველი შეხვედრა კანცლერ ოლაფ შოლცთან შედგება, რის შემდეგაც ფედერალურ კანცელარიაში მედიის კითხვებსაც უპასუხებენ. სწორედ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი მეტი დეტალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნისთვის ჩასატარებელ რეფორმებს. საქართველოს მთავრობის მეთაური, ასევე შეხვედრებს გამართავს გერმანიისა და ბუნდესტაგის პრეზიდენტებთან. ეს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია ბერლინში პრემიერის რანგში.

პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე გერმანია საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის.

"პირველი შეხვედრა იქნება კანცლერ შოლცთან, რომელიც ძლიერი მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის. ხშირად გვსმენია მისი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები. ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჩამობრძანდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისი პირველი ოფიციალური ვიზიტით. ვიზიტიდან გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა. გერმანია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებითაც. ვფიქრობ, ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენს მიმართულებებში, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ამ თანამშრომლობას", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები