30 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
არანაირი განცხადება არ მაინტერესებს, რომელიც კეთდება "ნაციონალური მოძრაობის" და მისი წარმომადგენლების მიერ - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ერთი ადამიანი მაინც რომ დაიღუპოს, პროცესები ცუდად დამთავრდება, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრის განცხადებაზე პასუხისმგებელი არ არის.

"არანაირი განცხადება არ მაინტერესებს, რომელიც კეთდება "ნაციონალური მოძრაობის" და მისი წარმომადგენლების მიერ. არ ვარ პასუხისმგებელი "ნაციონალური მოძრაობის" არცერთ განცხადებაზე. როცა ვიყავი პასუხისმგებელი, მაშინ გაგცემდით პასუხს, მაგრამ ახლა არ ვარ პასუხისმგებელი," - ამბობს ნიკა მელია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ დევი ჭანკოტაძის განცხადება, პირადად მას, განსაკუთრებული საფრთხის შემცველად არ აღუქვამს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ნებისმიერი ძალადობის რისკზე პასუხისმგებლობა "ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს. 

"ის, რომ პროვოკაცია და საფრთხე არსებობს ამ კანონიდან გამომდინარე, ეს არ არის ქართული ინტერესი, ეს არის მოცემულობა. რაც არ უნდა გამოიყენონ მათ, მოცემულობაში ვნახეთ შარშან, როდესაც მომიტინგემ თვალი დაკარგა. სადაც გუშინ ვნახეთ ძალადობის კადრები მომიტინგეებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, რისკი არის, და ამ რისკზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს "ქართულმა ოცნებამ,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

 

 

დღის ამბები