17 მაისი 2024,   22:17
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ", საზოგადოების მხარდაჭერით, შეძლო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა, ევროინტეგრაციის გზაზე რეალური წარმატების მიღწევა - არჩილ თალაკვაძე

"ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, "ქართულმა ოცნებამ", საზოგადოების მხარდაჭერით, შეძლო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაზრდა და ევროინტეგრაციის გზაზე რეალური წარმატების მიღწევა - მზად ვართ დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებით, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა. დესტრუქციის ადგილი აღარ არის ამ ქვეყანაში! ისე, როგორც არასდროს ახლა ერთიანობის, ერთად დგომის დროა! უნდა დავიცვათ მამული, ენა და სარწმუნოება! ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, რადგან გუშინ რუსთაველზე, მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა.

"გუშინ აქ, რუსთაველზე 200 000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბა და ამით თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა მშვიდობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული ღირებულებების და სუვერენიტეტის დაცვის, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად! კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია! მადლობა ჩვენს საზოგადოებას, მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს - თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ რთულ პერიოდში ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა!“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, სამწუხაროდ, იყო და კვლავაც რჩება მცდელობები, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ამოფარებულმა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა, არჩევნების გვერდის ავლით, თავი პრივილეგირებულ, ხალხზე მაღლა მდგომ ჯგუფად გამოაცხადონ - აიღონ მონოპოლია ჭეშმარიტებაზე, საჯარო პოლიტიკის შეფასებასა და თავისუფალ აზრზე.

"და ეს იმ პირობებში, როცა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების წინააღმდეგ, მზად არიან ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყონ. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. მთელს მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში რთული გამოწვევებია, ამ გამოწვევების საპასუხოდ ერთიანობა, ძლიერი სუვერენიტეტი და დემოკრატიული წესების პატივისცემა გვჭირდება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, თავისი პოზიცია არჩევნებში გამოხატონ და პატივი სცენ არჩევნების შედეგებსაც! - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები