08 სექტემბერი 2024,   03:43
ვრცლად
აღმოსავლეთ ევროპაში ომი გრძელდება - 118 საჰაერო დარტყმა, 10-ზე მეტი დაღუპული და ათობით დაშავებული

აღმოსავლეთ ევროპაში ომი გრძელდება - 118 საჰაერო დარტყმა, 10-ზე მეტი დაღუპული და ათობით დაშავებული - ასეთია ოკუპანტების თავდასხმის შედეგები ბოლო 24 საათში. რუსეთის მთავარი სამიზნე დღესაც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონები იყო. ვითარება გართულდა ხარკოვის ოლქში, სადაც ოკუპანტებმა დამატებითი ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. პარალელურად, კონტრშეტევას აგრძელებს უკრაინაც. რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიშის შედეგად, მაღალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა. უკრაინაში ომის 809-ე დღეა.

რუსეთის თავდასხმის მთავარი სამიზნე დღეს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსკში, სადაც საოკუპაციო ძალამ დამატებითი ჯავშანტექნიკა გამოიყენა. მოსალოდნელი საფრთხის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასაზღვრო ზონიდან 2500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლო.

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების გამო, შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი ყურადღებას დონეცკსა და ხარკოვში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე ამახვილებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა იერიში სუმის ოლქზეც მიიტანეს. დაიღუპა ერთი ადამიანი. თავდასხმების შედეგად, არიან დაშავებულებიც. სუმის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ოკუპანტები სუმს 21-ჯერ დაესხნენ თავს და ტერიტორიაზე 8 ნაღმი ააფეთქეს.

უკრაინის ამოცანა ახლა რუსეთის სახმელეთო და საარტილერიო შეტევების მოგერიებაა. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი საუბრობს. მათივე ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე, ბოლო 24 საათში, 155 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსულმა ჯარებმა 13 სარაკეტო და 118 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

სახმელეთო და საჰაერო შეტევებს განაგრძობს უკრაინაც. სარაკეტო იერიშის შედეგად, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

ავტორი: მარიამ იობიძე

დღის ამბები