"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. ო"ბრაიენის მიერ დატოვებულ კანონის კორექტირების შანსებს, ემატება შანსი ვენეციის კომისიიდან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს სრულად გაითვალისწინოს კომისიის რეკომენდაციები, იგივეს ამბობს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და კონსტრუქციული დიალოგის იმედი კიდევ აქვს.
ბრიუსელსა და სტრასბურგში, ისევე როგორც ვაშინგტონში, კანონის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ეს განამტკიცებს საქართველოს შემდგომ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ევროპის საბჭო მზადაა ამ პროცესში საქართველოს დაეხმაროს, მზად არის თუ არა პრეზიდენტი? ვენეციის კომისიის დასკვნა ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში უნდა აისახოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონი გაპატიოსნებას არ ექვემდებარება.
ვენეციის კომისია დასკვნას მომდევნო კვირის დასაწყისში გამოაქვეყნებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონის მოწინააღმდეგეებს შინაარსობრივი დისკუსიის შანსი იმ შემთხვევაში დაუბრუნდებათ, თუ ვენეციის კომისია სამართლებრივ არგუმენტებს წარმოადგენს და ეს სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მოხვდება.
დაანონსებული ვეტოს მოტივაციაზე პრეზიდენტმა უცხოელ მინისტრებთან შეხვედრაზე ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს აპირებს თუ არა მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებას. ამ საკითხზე განმარტება მოგვიანებით მისმა საპარლამენტო მდივანმა გააკეთა.
პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლის პოზიციას იმეორებს "ნაციონალური მოძრაობაც" - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა კანონში ვერაფერს ვეღარ შეცვლის. ხელისუფლების ოპონენტები, ვეტოს, კანონის უკან გაწვევის გზად განიხილავენ. ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ამბობს, რომ გამონაკლისს ვეტოს საპარლამენტო განხილვის დროს დაუშვებს.
რატომ არის მისაღები კანონი საპარლამენტო უმრავლესობისთვის? - "ხალხის ძალის" ლიდერი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა და ხალხი გაიგებს ყველაფერს, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ.
"ქართული ოცნება" ვენეციის კომისიისგან კანონის სამართლებრივ შეფასებას ელოდება. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ქვეყანას კანონი სჭირდება. მზად არიან იმსჯელონ რეკომენდაციებზე, რომელიც კანონის მთავარ პრინციპს არ დაარღვევს და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
პრეზიდენტს პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების წარსადგენად ორი კვირის ვადა აქვს, თუმცა მანამდე გამოაქვეყნებს დასკვნას ვენეციის კომისიაც, რომელსაც სამართლებრივი შეფასებისთვის ევროპის საბჭომ მიმართა.