"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ნებისმიერი მიტინგი არის პოლიტიკური და საპროტესტო პროცესებზე სადავეები და პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ.
"სიტუაცია ასეთია, რომ ნებისმიერი მიტინგი არის პოლიტიკური და აქამდე რომ მიდიოდა ეს მიტინგები უბრალოდ და ხალხის ენთუზიაზმზე, ორგანიზატორები, რომლებიც ტექნიკურად ამას აორგანიზებს, ჩრდილში იყვნენ, მათ შორის პოლიტიკოსები, ჩემი აზრით შეცდომა არის და ახლა ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ, იმიტომ, რომ შეუძლებელია მიტინგები იყოს წარმატებული თუ არ ვეუბნებით ადამიანებს რა გვინდა.
მარტივად რომ გითხრათ, თუ ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის - ეს ერთი გეგმაა და ერთი ტაქტიკა არსებობს, არჩევნებისთვის მიყვანა ხალხის მუხტის და გაბრაზებული ადამიანების არჩევნებზე; ან თუ მაგალითად, ჩემი კოლეგები მოუწოდებენ ადამიანებს პიკეტირებისკენ, პარლამენტში შესვლისკენ და ა.შ. შინაარსობრივად ეს ხომ რევოლუციური ქმედებაა და ამაზეც ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ისე კი არა, რომ აქტივისტები წინ გაუშვან, მერე რომ დაიჭირონ, დააჯარიმონ ან ციხეში ჩასვან, თვითონ წავიდნენ პირველ რიგში, როგორც შეეფერება რევოლუციონერებს.
კი [პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ ხელში სადავეები], პოლიტიკური პარტიები ხომ მაინც არიან ამ აქციაზე, სხვადასხვა ფორმის გავლენა აქვთ, ამ სცენას ხომ ვიღაცა მართავს და ჩვენ გუშინ მათ შორის დავინახეთ, რომ კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავთ, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ, ვინ შეუშვან და ვინ არ შეუშვან," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.