"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, რომ კონკრეტული გეგმა შემუშავდეს, რითაც პროტესტი გაგრძელდება. მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ რა გეგმა აქვთ.
"ორგანიზატორები ყველა ვარიანტში არსებობენ, ოღონდ ჩრდილში არიან და, ჩემი აზრით, ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ქმედებებზე, რაც ხდება. ახლა მაგალითად, მოუწოდეს, რომ ორთაჭალაში წავიდნენ შსს შენობასთან და მე მაინტერესებს, რა მიზანი აქვს ამ მსვლელობას?! - ზოგი ადამიანი ვაკიდან მოვიდა, ზოგი გმირთა მოედნიდან, აქ დიდხანს იდგა და ახლა კიდევ ორთაჭალაში უნდა წავიდნენ, ეს ხომ ძალიან დიდი ენერგიას ითხოვს ადამიანების და თუ ასე გავაგრძელებთ, ეს ხომ ადამიანებს დაღლის. ასეთი ქმედებები რომ იყოს ერთეული, ტრაგედია არაფერი იქნებოდა, მაგრამ სულ ერთი და იგივე მეორდება. ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები გამოვიდნენ და ჩამოვყალიბდეთ, რას ვაკეთებთ - ჩვენ გვინდა რევოლუცია, პიკეტირება თუ არჩევნებზე მისვლა. ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. თუ არჩევნებზე მივდივართ, რა იდეით მივდივართ?! - ირაკლი კობახიძის მიერ დაწერილ კონსტიტუციას ვიცავთ, თუ უკეთეს საქართველოს ვთავაზობთ ჩვენ მოქალაქეებს. ჩემი აზრით, მთავარი მოთხოვნა რაც უნდა იყოს, არის არა რუსული კანონის გაწვევა, არამედ ერთპიროვნული მმართველობის დასრულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრობლემაა უკვე 30 წელზე მეტია," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა "ღამის კურიერთან" საუბრისას.