მმართველი გუნდი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და ქვეყნის ეკონომიკური რყევების ხელოვნურად შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს. საუბარია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ვარდნაზე.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს პროცესი ხელოვნურადაა ორგანიზებული და ე.წ. სტენფორდის ჯგუფისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთობლივი მოქმედების შედეგია. ამის ერთ-ერთ მაგალითად კი მათ მოჰყავთ BBC-ის რადიოს ეთერში "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" დირექტორის მოადგილის, ირინე გურულის სტუმრობა, რომელმაც, მათი თქმით, ჯერ კიდევ 13 მაისს ისაუბრა თემაზე "პროტესტი საქართველოში: დააზიანებს თუ არა ახალი კანონი საქართველოს ეკონომიკას?"
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მთავრობა ცდილობს მორიგ ჯერზე შეთქმულების თეორია შეთხზას და ამ გზით მოახდინონ დისკრედიტაცია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული ადამიანების, რომლებიც მათ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება:
"რა ევგენიძე, რა ბირჟამ, რას ლაპარაკობს ეს ხალხი. "იბიარდის" განცხადება არის, რომ შეიძლება საფინანსო ინსტიტუციებმა გარკვეული შეზღუდვები დააწესონ საქართველოსთან, ევგენიძე რა შუაშია. მავნებლები არიან ვინც ამას ლაპარაკობს. ქვეყანა ფაქტობრივად ყველანაირი დარტყმის ქვეშ დააყენეს, საერთაშორისო, ქვეყნის შიგნით, ფინანსური, ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს მავნებლები ხმას რომ იღებენ, ეს არის გასაკვირი," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
რომან გოცირიძის პროგნოზით კი, "ქვეყნის რეპუტაცია ისედაც შელახულია და საინვესტიციო კლიმატი ქვეყანაში ძალიან გაუარესდება":
"აქვე არის კარგი მაგალითი ყირგიზეთის სახით, სადაც ყველა ფონდი გავიდა, მათ შორის ამერიკის USAID, რომელსაც საქართველოში ასეულობით მილიონი ფული აქვს დახარჯული. ასე რომ შორს წასვლა საჭირო არ არის, ეს ძალიან მძიმედ დაარტყამს საქართველოს ეკონომიკას, ქვეყნის რეპუტაცია ისედაც შელახულია და საინვესტიციო კლიმატი ქვეყანაში ძალიან გაუარესდება,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.