27 ივლისი 2024,   08:32
ვრცლად
"უთანხმოება და მწვავე დებატები ჩვენთვის უცხო არ არის ისრაელში და ვიმედოვნებ, რომ გზა ერთიანობისა და ურთიერთგაგებისკენ იქნება ნაპოვნი" - რა თქვა ჰადას მეიცადიმ ისრაელის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე

ისრაელის 76-ე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ცერემონიაში მონაწილეობა დიპლომატიურმა კორპუსმა და სხვა საპატიო სტუმრებმა მიიღეს. სპეციალურ სტუმრებს შორის იყვნენ მორან ბენ იშაი და იაირ მოზესი - 7 ოქტომბერს, ღაზაში გატაცებული გადი მოზეს შვილები. გადი ხშირად სტუმრობდა საქართველოს და პროფესიული კავშირი ჰქონდა ქართველ ფერმერებთან.

ელჩმა დღეს თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, სტუმრებთან ერთად, ზეთისხილის ბაღი გახსნა- როგორც სიმბოლო ურყევი კავშირისა და გადი მოზეს ღვაწლისა.

როგორც ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ განაცხადა, დამოუკიდებლობის აღნიშვნის ადგილად თბილისის შუაგული აირჩიეს. ის ასევე შეეხო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანას ერთობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი უფლებებისთვის, როგორც ეს გამოხატულია ჩვენს ეროვნულ ჰიმნში, "ვიყოთ თავისუფალი ხალხი ჩვენს სამშობლოში" და ვამაყობთ იმ სახელმწიფოთი, რომელიც ავაშენეთ 76 წლის განმავლობაში. ჩვენმა უწყვეტმა ბრძოლამ ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, როგორიცაა "ჰამასი" და "ჰეზბოლა," როდესაც 132 მძევალი ჯერ კიდევ ღაზას ტერორისტულ გვირაბებში იმყოფება, გამოცადა ჩვენი გამძლეობა.

წელს ჩვენი დამოუკიდებლობის აღნიშვნა ავირჩიეთ თბილისის შუაგულში ისრაელის ბაღის გაშენებით, რომელიც ეძღვნება 7 ოქტომბერს ისრაელელების მამაცობას და ქართველ და ისრაელ ხალხებს შორის მტკიცე მეგობრობას. გულწრფელ მადლობას ვუხდი თბილისის მერს და მის თავდადებულ თანამშრომლებს ამ ინიციატივის განხორციელებაში გამოჩენილი თანადგომისა და თანამშრომლობისთვის. მწუხარებისა და ტკივილის ფონზე, ჩვენი გული სიამაყით აღივსო - სიამაყე გმირობისა და გამძლეობის ისტორიებით, რომლებიც განსაზღვრავს ისრაელელ ხალხს.

მინდა შევეხო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ, როგორც ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობრისთვის, მტკივნეულია საზოგადოებრივი განხეთქილების დანახვა. უთანხმოება და მწვავე დებატები ჩვენთვის უცხო არ არის ისრაელში და ვიმედოვნებ, რომ გზა ერთიანობისა და ურთიერთგაგებისკენ იქნება ნაპოვნი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ოცნების ასრულებით, რომელსაც ბევრი იზიარებს საქართველოში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რაშიც ბევრი თქვენგანის წვლილიცაა.

საქართველოს ვუსურვებ ერთობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს, ასევე - კეთილდღეობასა და მშვიდობიან დღეებს ჩემს საყვარელ ისრაელს," - განაცხადა ჰადას მეიცადიმ.

 

დღის ამბები