16 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
რჩევები, რომელსაც მეგობრები გვაძლევენ, უნდა იქნეს აღქმული პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან წამოსულ რჩევებად და არა ჩარევად - გრიგოლ გეგელია

ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხებოდა, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ხელისუფლება საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაზე საუბრობს, ოპოზიციისთვის კი ეს მხოლოდ მეგობრული რჩევებია.

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ხაზს უსვამს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ათწლეულობის განმავლობაში დაადასტურეს, რომ ისინი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

"ევროპული კავშირი და, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები არიან ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი პარტნიორები, რომელთაც ეს დაადასტურეს ათწლეულების განმავლობაში. ამიტომაც, რჩევები, რომელსაც მეგობრები გვაძლევენ, უნდა იქნეს აღქმული პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან წამოსულ რჩევებად და არა ჩარევად. ჩარევა არის ის, რასაც აკეთებს რუსეთის ფედერაცია. რაც შეეხება ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს, ისინი კი არ ერევიან, არამედ გვირჩევენ, რომ ის გზა, რომელსაც დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლება ადგას, არ მიდის ევროპული კავშირისკენ, არ მიდის მეტი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ,"- აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ამავე აზრზეა პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი და აღნიშნავს, რომ მეგობრის ვალდებულებაა, გარკვეული ქმედებისკენ მოგიწოდოს და მიგითითოს, თუ ამის აუცილებლობას ხედავს.

"ჩვენი პარტნიორები უყურებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ისინი არიან ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მეგობრები. ამიტომ, როდესაც ხედავენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე ითხოვს ამ კანონის არმიღებას და ახლა უკვე, გაუქმებას, ეს შიდა პოლიტიკაში ჩარევა კი არაა, ესაა მეგობრობა. ეს მეგობრობა მარტო პატივი არაა, ვალდებულებაცაა, რომ შენ, როგორც მეგობარმა, შენსავე მეგობარს უთხრა, მოუწოდო და მიუთითო, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, დაუჯერო შენს ხალხს,"- აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები