16 ივნისი 2024,   14:42
ვრცლად
"გამჭვირვალობის კანონზე" დაწყებულ ვნებათაღელვას საქართველოს გენერალური პროკურორის გადადგომა დაემთხვა - შოთაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს

თანამდებობაზე ყოფნის მეხუთე წელს, გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი შოთაძის განცხადებაში, რომელიც პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ მას თანამდებობიდან წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უწევს. შოთაძის ვრცელ წერილში, დეტალურად არის საუბარი ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც პროკურატურაში მისი ხელმძღვანელობით გატარდა. გენერალური პროკურორის თქმით, უკვე დიდი ხანია, სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, რაც დაკისრებული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში ხელს უშლის.

გენპროკურორის თანამდებობიდან წასვლის ოფიციალური მიზეზის არ სჯერათ ოპოზიციაში. პოლიტიკოსებს, შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსიები აქვთ. ნაწილი ვარაუდობს, რომ პროკურორმა დასავლურ ზეწოლას ვერ გაუძლო. მეორე ნაწილი კი შოთაძის ნაბიჯს თავის გადარჩენის მცდელობად აფასებს, თუმცა მას უკვე დაგვიანებულს უწოდებს.

ოპონენტებს მორალური ჩარჩოების დაცვისა და სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს მმართველი გუნდის წევრებმა. სახელისუფლებო პარტიაში გენერალური პროკურორის საქმიანობას, კიდევ ერთხელ, პოზიტიურად აფასებენ და შოთაძეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, კითხვის ნიშნებს აჩენს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერისთვისაც. იაგო ხვიჩია, რომელიც, პარალელურად, საპროკურორო საბჭოს წევრიცაა ფიქრობს, რომ საბჭო და პარლამენტი ახალი პროკურორის შერჩევის პროცესში სუბიექტური იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, დღეს, ირაკლი შოთაძის პროკურორობის პირობებში გამოქვეყნებული საერთაშორისო რეიტინგებიც გაიხსენეს, სადაც საქართველო ყველა კომპონენტით დაწინაურდა. მმართველი გუნდი საპროკურორო საბჭოს კეთილსინდისიერებასა და მიუკერძოებლობაში დარწმუნებულია.

კანონმდებლობის მიხედვით, თუ გენერალური პროკურორი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს, ახალი კანდიდატის შესარჩევად, საპროკურორო საბჭოს ერთი თვე აქვს. საბჭოს წევრების ორი მესამედის მიერ არჩეულ კანდიდატს კი, პარლამენტი, ხმათა უმრავლესობით, გენპროკურორის პოსტზე 6 წლით ამტკიცებს.

დღის ამბები