უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, ევროპის საბჭოს დაკვეთით მომზადებული დასკვნის ავტორი, პარალელურად, სტრასბურგში, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავდა. საუბარია ჯერემი მაკბრაიდზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის ბოლო 2 საქმეზე მუშაობდა. ეს ფაქტი კი, მის ობიექტურობასა და კანონის სამართლიან შეფასებაზე, მმართველ პარტიას არაერთ კითხვას უჩენს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სწორედ ჯერემი მაკბრაიდის დასკვნა გახდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ერთ-ერთი საფუძველი.
"ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიის ექსპერტებს ქართული მხარის არგუმენტაციას აცნობდა, ამბობს, რომ ჯერემი მაკბრაიდი ამ დისკუსიებში არ მონაწილეობდა. შესაბამისად, უმრავლესობის წევრისთვის გაუგებარია, რა არგუმენტებს დაეყრდნო ექსპერტი, როდესაც ამ დასკვნას წერდა.
ის, რაც საეჭვოა სახელისუფლებო გუნდისთვის, კითხვებს არ უჩენს მიხეილ სააკაშვილის პარტიას. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მსგავს დოკუმენტებს ყოველთვის სანდო და პროფესიონალი იურისტები ამზადებენ. მიხეილ სააკაშვილის ინტერესების სტრასბურგში დაცვა კი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის დასკვნის ობიექტურობასთან კავშირში არ არის.
იგივე პოზიციაზეა სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორის შეფასება თითქმის იდენტურია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოამზადა დასკვნა.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ეს პროცესი ნაწილია იმ დეზინფორმაციული კამპანიის, რომელიც ბოლო პერიოდია საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ევროპის საბჭოს დასკვნის ერთ-ერთი ავტორია, მათთვის ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არაობიექტურად და ტენდენციურადაა შეფასებული.
ევროპის საბჭოს დაკვეთით ჯერემი მაკბრაიდის ხელმძღვანელობით მომზადებული დოკუმენტი საჯარო 15 მაისს გახდა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა 21 მაისს გამოქვეყნდა. ორივე დოკუმენტი კანონს კრიტიკულად აფასებს.