"არ გამოგივათ ეს, მეგობრებო. ჯობია მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციებით დაემუქროთ - ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის", - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებებით ამერიკა საქართველო ომს უცხადებს.
მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან მეგობრული მიდგომის შემთხვევაში საქართველო მეგობრობისთვის მზად არის.
"თუ შენ მეგობარი ხარ და მეუბნები, რომ რუსეთთან დეოკუპაციის პროცესში უნდა დამეხმარო, მაგრამ თან აქ ოჯახებით შეურაცხყოფას მაყენებ, უნდა დამასანქცირო, გამყინო, ამომაგდო აქედან, მაგინო და რელიგია და ოჯახი შეურაცხყო, რა გამოდის?! რუსები გვებრძვიან იარაღით და ტანკებით, ამერიკიდან ბრძოლას სანქციებით გვიწყებენ, თანაც ოჯახების და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფით?! - ერთი რამ აკლია მხოლოდ, მოუშვირონ ტანკი საქართველოს და უთხრან, რომ ეს კანონი არ მიიღოთ.
ამ შემთხვევაში არ გამოგივათ ეს, მეგობრებო. ჯობია მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციებით დაემუქროთ - ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.