პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიის ეს განცხადება, წარმოუდგენელი და შემაშფოთებელია.
მისი თქმით, აქამდე არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება განიხილებოდეს რაიმე ზეწოლის ბერკეტად.
"გიორგი გახარიას პარტიის ეს განცხადება, წარმოუდგენელი და შემაშფოთებელია. ქართულ პოლიტიკაში ამის გაჟღერება აქამდე არ გაუბედავს არავის. დღეს ვისმენთ, რომ თურმე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, შესაძლოა, რაიმე შანტაჟის მექანიზმი გახდეს, მით უმეტეს, კანონს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ის ემსახურება საქართველოს დემოკრატიის დაცვას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და პოლიტიკური სისტემის განმტკიცებას. აქამდე არ გაუბედავს არავის ის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება განიხილებოდეს რაიმე ზეწოლის ბერკეტად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ დაუშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კითხვით მიმართა, „ამ კანონით და ქართული ოცნების ქმედებებით, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას". დაუშვილის ეს განცხადება მმართველმა გუნდმა ანტი სახელმწიფოებრივად შეაფასა.