საერთაშორისო გამოხმაურებებსა და კრიტიკას "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ - მმართველ გუნდში თვლიან, რომ პარტნიორების მხრიდან ქართულ მხარეს არგუმენტები არ მოუსმენია.
უმრავლესობის განცხადებით, მათთვის გაუგებარია, რატომ აქვთ სხვა ქვეყნებს საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება, საქართველოს კი არა.
"ჩვენც შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ იმ ფაქტებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სიცრუის კამპანია. მე შემიძლია პირდაპირ პარალელები გავავლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუ რა სიცრუის და ბოროტების კამპანია მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ და დღესაც იგივეა. ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, იმიტომ, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მომავალს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენთვის არსებობს პრინციპები, რომლის გადახვევასაც არ ვაპირებთ და ეს არის ქვეყნის ინტერესი - ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იგივე მდგომარეობა იყოს ქვეყანაში, რაც სამწუხაროდ და ჩვენდა საუბედუროდ ხდება დღეს უკრაინაში," - აცხადებს კახა კალაძე.