პრეზიდენტის ვეტო რომ იოლად განსახილველი საკითხი არ იქნებოდა, ეს კომიტეტის დაწყებისთანავე გამოჩნდა. სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს, უშუალოდ ვეტოს შინაარსზე სასაუბროდ, 20 წუთი დასჭირდა, დანარჩენი 4 საათზე მეტი კი, გიორგი მსხილაძესთან კითხვებსა და მათზე პასუხების მიღების მცდელობას დაეთმო. შეკითხვით, თავდაპირველად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ისარგებლეს.
საპარლამენტო უმრავლესობის კითხვები კანონის მუხლობრივ ნაწილში შესვლას მოითხოვდა, თუმცა, პასუხების გაცემის დროს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ ის არც მუხლობრივ და არც შინაარსობრივ მსჯელობას არ აპირებდა და მას ეს ლეგიტიმაცია პრეზიდენტისგან არ ჰქონდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან დისკუსიაში შესვლის მცდელობა სახელისუფლებო პარტიას რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა ყველა უშედეგო აღმოჩნდა. უმრავლესობის წევრების შეფასებით, გიორგი მსხილაძე ყველა კითხვაზე ერთ პასუხს სცემდა. სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ირწმუნებოდა, რომ მოტივირებულ შენიშვნებში კონკრეტული მუხლები, რომლებსაც მიუღებლად მიიჩნევენ, გაწერილი იყო, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში კანონის შინაარსზე საუბარი არ ისურვა.
პრეზიდენტის ვეტო მისაღები მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციისთვისაა. ხელისუფლები ოპონენტების თქმით, ის, რაზეც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იზიარებს. ვეტოს დაძლევაზე უარის თქმისკენ ოპოზიციამ უმრავლესობას დღესაც არაერთხელ მოუწოდა.
ოპოზიციის ნაწილმა კანონში იმ ქვეყნების ჩამონათვალის გაკეთება მოითხოვა, საიდანაც, მათივე თქმით, საფრთხეა მოსალოდნელი, ან - პირიქით. ანა წითლიძემ, გამოსვლის დასრულების შემდეგ, მიკროფონის გარეშე საუბარი რამდენჯერმე სცადა. სხდომის თავმჯდომარის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებდა, ამიტომ წითლიძეს დარბაზი დაატოვებინეს.
იურიდიული კომიტეტის სხდომას, კანონმდებლების გარდა, სახალხო დამცველიც ესწრებოდა. ლევან იოსელიანმა სიტყვითაც ისარგებლა და თავისი ალტერნატიული წინადადებაც გააჟღერა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტომ დისკუსიისთვის სივრცე არ დატოვა, თუმცა მისი დაძლევისგან თავის შეკავებისკენ მმართველ პარტიას მაინც მოუწოდა.
უმრავლესობამ დღეს ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის მიმართ არჩევნების დროს დამოკიდებულება შეახსენა და თქვეს, რომ მათი პოზიციების თანხვედრა გასაკვირია.
იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა, ხვალ კი ეს საკითხი კენჭისყრაზე უკვე პლენარულ სხდომაზე გავა.