27 ივნისი 2024,   00:15
ვრცლად
“დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონზე ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება“ - ირაკლი კობახიძე მარნეულის ახალი სტადიონის გახსნაზე

“დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონზე ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ახალი სტადიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისივე თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და მომავალშიც მიაქცევს სპორტის, განსაკუთრებით კი - ფეხბურთის განვითარებას.

“სპორტი, მისი განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები. მნიშვნელოვანია, როგორც მაღალი მიღწევების მქონე სპორტის განვითარება, ისე მასობრივი სპორტის განვითარება, რადგან სპორტი ნიშნავს უფრო ჯანმრთელ საზოგადოებას და ახალგაზრდობას, ამიტომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მომავალშიც ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე.

ასეთი ობიექტების გახსნაზე აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, პირადად ბატონ ირაკლი ქარსელაძეს. მინდა გადავუხადო მადლობა კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს მისი წვლილისთვის იმ ყველაფერში, რაც კეთდება სპორტის განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, მის პრეზიდენტს, ბატონ ლევან კობიაშვილს.

მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ვიზრუნოთ სპორტზე, კონკრეტულად კი - ფეხბურთზე, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყო სპორტის სახეობაა. კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებულად მოგილოცოთ თქვენ - ბავშვებს, ახალგაზრდებს. დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონზე ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები