29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, მიზნად ისახავს უცხოური ჩარევისგან ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის გაძლიერებას - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი

საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. მას 138-მა ფრანგმა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგი მხოლოდ 10 იყო. კანონი უცხოური გავლენის თავიდან აცილების შესახებ, ითვალისწინებს ეროვნული რეესტრის შექმნას, ასევე კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის ფინანსური აქტივების გაყინვას და “უცხოურ ჩარევასთან“ ბრძოლის გაძლიერებას ალგორითმული დაზვერვის საშუალებით, რომელიც მანამდე მხოლოდ ანტიტერორისტული საფრთხეების დროს გამოიყენებოდა. მას, ვინც კანონს დაარღვევს, სისხლის სამართლებრივი სანქციები ემუქრება.

ფრანგული მედიის ცნობით, კანონის ინიცირებას საფუძვლად დაედო საფრანგეთის დაზვერვის 2022-23 წლების ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საფრანგეთის შიდა საქმეებში საგარეო ჩარევა სულ უფრო ხშირია და ეს ყველა სფეროს ეხება.

“კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, მიზნად ისახავს უცხოური ჩარევისგან ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის გაძლიერებას. უცხოურმა ჩარევამ შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიიღოს და საფრთხე შეუქმნას ჩვენს პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სამეცნიერო, კულტურულ და, ცხადია, დემოკრატიულ ინტერესებს. კანონი შეიცავს მთელ რიგ საკანონმდებლო ზომებს, რათა საფრანგეთის სახელმწიფომ თავიდან აიცილოს და წინააღმდეგობა გაუწიოს ასეთ ჩარევას საჯარო ცხოვრებაზე ზეგავლენის მქონე უცხოელი აქტორების რეესტრის შექმნით,“ - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი, პარტია “რესპუბლიკელები“, ვირჟინი დუბი-მიულერი.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა, პარტია “აღორძინება“, გიო გუფიე ვალანტი მიიჩნევს, რომ საფრანგეთი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

“ჯაშუშობა, კიბერთავდასხმები, კორუფცია, დეზინფორმაცია და მანიპულირება, გარკვეული ელიტების კონტროლი, ეს საფრთხეები მრავალფეროვანი და განგრძობადია. საფრანგეთი ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ამიტომ არჩევანი არ გვაქვს: ჩვენ უნდა ვადაპტირდეთ.

უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა ნიშნავს საფრანგეთის სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ფრანგული და ევროპული დემოკრატიების დაცვას,“ - აცხადებს გიო გუფიე ვალანტი.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა, კოალიცია “ახალი ეკოლოგიური და სოციალური სახალხო კავშირი“, მარიეტა კარამანლიმ განაცხადა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში დადგინდა უცხოური ჩარევის რამდენიმე ფაქტი, რაც მისი თქმით, საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ უსაფრთხოებას.

“ევროპის ბევრ ქვეყანაში დადგინდა უცხოური ჩარევის რამდენიმე ფაქტი, რაც საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ უსაფრთხოებას. რამდენიმე წელია, კიბერშეტევები და მანიპულაციები სოციალურ ქსელებში მიზნად ისახავს აზრზე გავლენის მოხდენას. ეს არის, ვთქვათ, პროპაგანდა- ეს, გარკვეულწილად, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მოსაზრებების ჩამოყალიბებას.

ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ რისკებზე რეაგირება სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მოვახდინოთ, რომლებიც უნდა იყოს ადაპტირებული არსებულ ან პოტენციურ საფრთხეებთან. შესაძლოა პასუხები მრავალრიცხოვანია და ასევე დეტალურად არის აღწერილი ამ კანონპროექტში,“ - აცხადებს მარიეტა კარამანლიმ.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი, პარტია “ეროვნული გაერთიანება“, კევინ პფეფერი აცხადებს, რომ მაკრონის ხელისუფლებას მთავრობაში ყოფნის 7 წელი დასჭირდა, რათა საფრანგეთში უცხოური გავლენის ყურადღება მიექცია.

“მაკრონის ხელისუფლებას მთავრობაში ყოფნის 7 წელი დასჭირდა, რათა ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში უცხოური გავლენისთვის ყურადღება მიექცია. შვიდი წელია არაფერი გაკეთებულა, არც კანონი მიგიღიათ და არც საგამოძიებო კომისია შეგიქმნიათ. თუმცა დაპირებებს წლობით გასცემდით. 7 წელი დაგჭირდათ ამ ძალიან მყიფე კანონპროექტისთვის, რომელიც აგენტების ნებაყოფლობით რეგისტრაციას და ორ წელიწადში ერთხელ ანგარიშის წარდგენას ითვალისწინებს,“ - აცხადებს კევინ პფეფერი.

დღის ამბები