29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეს, კენჭისყრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში იმართება

დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეს, კენჭისყრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში იმართება. ევროპელმა ამომრჩევლებმა ტრანსნაციონალურ პარლამენტში 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ.

გამოკითხვების თანახმად, უმსხვილეს ბლოკად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე ცენტრისტული “ევროპის სახალხო პარტია“ დარჩება, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპარლამენტში თავის 176 ადგილს შეინარჩუნებს.

მემარცხენე-ცენტრისტული “სოციალისტები“ და “დემოკრატები“ მეორე ადგილს შეინარჩუნებენ, დაახლოებით 139 მანდატით, მაგრამ ცენტრისტული “განახლება“ და “მწვანეები“, სავარაუდოდ, მანდატებს დაკარგავენ.

ევროპარლამენტის 4 დღიან არჩევნებში, რომელიც ხუთშაბათს ნიდერლანდებში დაიწყო, დაახლოებით, 361 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრა დღეს დასრულდება, როდესაც იტალიაში საარჩევნო უბნები დაიხურება.

როდის გახდება კენჭისყრის საბოლოო შედეგები ცნობილი - მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ამომრჩევლის ნაწილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, შედეგს ყველა ერთად გაიგებს. იმ ქვეყნებშიც, სადაც მაგალითად გუშინ და გუშინწინ მისცეს ხმა - ჩეხეთი, მალტა, ლატვია, სლოვაკეთი, იტალია, ირლანდია, ნიდერლანდები, სადაც გასული ორი დღის განმავლობაში ჩატარდა არჩევნები. დღეს კი ევროკავშირის 19 წევრი სახელმწიფოა ისეთი, სადაც ასეულობით ათასი ადგილობრივი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით. აქ არის ისეთი მსხვილი ქვეყნები, როგორიც არის გერმანია, რომელსაც ყველაზე მეტი - 96 მანდატი უნდა ერგოს ევროპარლამენტში; ასევე საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, უნგრეთი და სხვები.

ყველაზე მეტი პოლიტიკური ინტრიგა ახლა მდგომარეობს იმაში თუ რამდენად ბევრ ხმას აიღებენ ულტრამემარჯვენეები და ნაციონალისტები, რომლებსაც აქვს ახლა შანსი. ყველანაირი წინასწარი გამოკითხვები ახლა ამაზე მეტყველებს, რომ ისტორიული მაქსიმუმი დადონ და ყველაზე მეტი მანდატი სწორედ წლევანდელ არჩევნებზე მოიპოვონ წინა პრეცენდენტებთან შედარებით. თუმცა, ძირითად მანდატებს მაინც პროევროპული პარტიები ინარჩუნებენ ევროპარლამენტში წინასწარი გამოკითხვებით, თუმცა რიგ ქვეყნებში ულტრამემარჯვენეთა მოძრაობები არის მოძლიერებული და ისინი იყენებენ ისეთ თემებს, როგორებიც არის მაგ. ომის საფრთხეები, ნაციონალისტური განწყობების გაღვივებას იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ.

“მინდა, რომ საბერძნეთს ჰყავდეს სწორი წარმომადგენლობა ევროპაში და იქ სერიოზული ადგილი ჰქონდეს. და ასევე მაწუხებს ქვეყნის სტაბილურობა ეკონომიკურად და ზოგადად,“ - აცხადებს ერთ-ერთი ამომრჩეველი საბერძნეთში, მარკოს ბიცაკოსი.

“გასაკვირია იმის დანახვა, რომ ჩვენ ვივიწყებთ ისტორიულ მეხსიერებას. რაც შეეხება ჩვენს წინაპრებს რომლებიც იბრძოდნენ ერთიანობისთვის, ევროპელების ცხოვრების გასაადვილებლად, ვფიქრობ, რომ მათ არ გაუხარდებოდათ, რომ დაენახათ გამოკითხვები არის ულტრამემარჯვენეების სასარგებლოდ, იტალიაში, პოლონეთში, საფრანგეთში,“ - აცხადებს ერთ-ერთი ამომრჩეველი, საფრანგეთში.

“ძალიან დაბნეული ვიყავი, წავსულიყავი თუ არა ხმის მისაცემად. მაგრამ საბოლოოდ, სამოქალაქო მოვალეობის გრძნობიდან გამომდინარე, წავალ და ხმას მივცემ. დიდ ცვლილებას არ ველოდები, მაგრამ შესაძლოა ახალი სახეები იყოს,“ - აცხადებს ერთ-ერთი ამომრჩეველი იტალიაში, კატერინა კატალანო.

"ამ სიტუაციაში არ შეიძლება სახლში დარჩენა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ომსა და მშვიდობას შორის და ხმა უნდა მივცეთ მშვიდობას,“ - განაცხადა ამომრჩეველმა უნგრეთში, ანდრას ვალიმ.

დღის ამბები