29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტიები ლიდერობენ

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება.

Reuters-ი წერს, რომ, მაკრონის მსგავსად, მტკივნეული ღამე გადაიტანა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც, როდესაც მისმა “სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ ევროპის არჩევნებში აქამდე დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და “კონსერვატორებისა“ და ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

რაც შეეხება იტალიას, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პოზიცია გაძლიერდა, რადგან, ეგზიტპოლების თანახმად, მისმა კონსერვატიულმა ჯგუფმა - “იტალიის ძმები“ – ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

პოლონეთში, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ცენტრისტული “სამოქალაქო კოალიცია“ იმარჯვებს, რომელიც “ევროპის სახალხო“ პარტიის წევრია. ესპანეთშიც მემარჯვენე-ცენტრისტული “სახალხო პარტია“ ლიდერობს, რომელიც ასევე “ევროპის სახალხო“ პარტიის ნაწილია და რომელიც, შედეგებით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურ “მუშათა პარტიას“ უსწრებს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, მაგრამ უფრო მცირე სხვაობით, ვიდრე პროგნოზირებული იყო.

ნიდერლანდებში, წინასწარი შედეგების თანახმად, “ლეიბორისტები“ “მწვანე მემარცხენეების“ კომბინაციამ რვა ადგილი მოიპოვა და გეერტ უილდერსის პარტია დაამარცხა.

დღის ამბები