29 სექტემბერი 2024,   02:58
ვრცლად
ზურაბიშვილს 4 აპრილს მივმართეთ საფეხბურთო ნაკრების დაჯილდოების წერილით, დღემდე არ გვაქვს მისი ხელმოწერა, ეს აჩვენებს ცალკეული საკითხებისადმი მის დამოკიდებულებას - შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოების შესახებ. თემაზე დღეს კახი კალაძემ და შალვა პაპუაშვილმა ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღემდე არ არის პრეზიდენტის ხელმოწერა საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და საწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს აჩვენებს სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ცალკეული საკითხების მიმართ.

“როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 4 აპრილს მივმართეთ მე და პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრების, ისევე როგორც სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების წერილით. დღემდე არ გვაქვს მისი წერილი და ხელმოწერა. ეს არის ძალიან სამწუხარო და საბოლოო ჯამში აჩვენებს მის დამოკიდებულებას, სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ცალკეული საკითხების მიმართ.

არის ცალკეული საკითხები, რომლებსაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს ხოლმე და როცა სახელმწიფო საკითხები არის, ხედავთ ხოლმე, არანაირი პასუხები არაა მისი მხრიდან. ერთის მხრივ, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მეორეს მხრივ, გასაგებია. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, გადააბიჯა ქვეყნის ინტერესებს. რასაც ვუყურებთ, ის ბოლო პერიოდში სრულად მოქმედებს გარედან კარნახით. რა კარნახიც მოსდის გარედან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ასე იქცევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები