18 ივნისი 2024,   16:43
ვრცლად
"უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა" - სუს-ის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის პირველი სეზონი დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის "უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა" პირველი სეზონი დაიწყო. სასერტიფიკატო კურსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორმა საზეიმოდ გახსნეს. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, კურსის მონაწილეებმა პირველი ლექცია მოისმინეს და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ.

კურსისთვის 40 მსმენელი შეირჩა. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი თვის განმავლობაში, ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისა და წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ.

ამასთანავე, მონაწილეები შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებას და მათზე რეაგირებას.

"ახალგაზრდული სკოლა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის პროექტია. მისი მიზანია, მსმენელებს გაუღრმაოს პატრიოტული სულისკვეთება და აუმაღლოს ცნობიერება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

დღის ამბები