30 ივნისი 2024,   22:03
ვრცლად
პირველად აშშ-ის ისტორიაში მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტი ერთმანეთს დებატებში დაუპირისპირდნენ - რაზე გაკეთდა აქცენტები და როგორია ბაიდენი-ტრამპის დებატების შეფასება

კაპიტოლიუმში შეჭრა, ისრაელ-"ჰამასის" ომი, ომი უკრაინაში, საგარეო პოლიტიკა, იმიგრაცია, შიდა პოლიტიკური საკითხები - პირველად შტატების ისტორიაში, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს მილიონობით ამომრჩევლის წინაშე, სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდნენ.

მწვავე დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთ-უკრაინის ომი და პროცესში შტატების გავლენა. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გასცა დაპირება, რომ უკრაინაში ომს დაასრულებს, ჯერ კიდევ მის პრეზიდენტად არჩევამდე. ჯო ბაიდენმა კი საკუთარ გამოსვლაში პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა და უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.

აღსანიშნავი, რომ დემოკრატებს და რესპუბლიკელებს კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებიათ - ეს აგვისტოში, პარტიების ყრილობაზე უნდა მოხდეს.

არჩევნებამდე ასე ადრე შტატებში დებატები ჯერ არ ჩატარებულა, ეს დემოკრატებმა მოითხოვეს. მთელი ამოცანა ის იყო, რომ არჩევნებამდე ყოფილიყო ძალიან დიდი დრო ტრამპის ფიგურის მიუღებლობის განსახილველად, თუმცა ეს დებატები ისე დასრულდა, რომ განხილვის თემად თავად ჯო ბაიდენი იქცა, რადგან ამერიკამ ჩათვალა, რომ პრეზიდენტს დამაჯერებლობა აკლდა. დამაჯერებლობა, პირველ რიგში, აკლდა ხმაში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ მოგვიანებით გაციებით ახსნა.

ამ დებატებში დემოკრატების მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ბაიდენის ასაკზე მუდმივი აპელირების ფონზე დაემტკიცებინათ, რომ პრეზიდენტს არც მედეგობა აკლია და არც ენერგია, თუმცა ბევრმა ჩათვალა, მათ შორის დემოკრატიულ პარტიაში, რომ პრეზიდენტმა ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა.

სუსტი მხარეები ჰქონდა ორივე კანდიდატს. ტრამპის სისუსტე ის იყო, რომ თავს არიდებდა კაპიტოლიუმზე თავდასხმაში საკუთარ პასუხისმგებლობაზე საუბარს. არ უპასუხა კითხვას, შეიწყალებს თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო დააკავეს. გარდა ამისა, ხშირად საუბრობდა ფაქტებით გაუმყარებელი არგუმენტებით, მათ შორის მაშინ, როდესაც ბრალდებებს უყენებდა მოქმედ პრეზიდენტს.

დემოკრატებისთვის ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო. მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ტრამპს გვერდით არ ედგა ის ადამიანი, ვინც ამ ბრალდებებს დამაჯერებლად უპასუხებდა. ამ დებატების შემდეგ ჩაითვალა, რომ ბაიდენი არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

დემოკრატიულ პარტიაში აღნიშნავენ, რომ იყო ხარვეზები დებატების მიმდინარეობის დროს, თუმცა ისინი ბაიდენის ღირსებებს უსვამენ ხაზს. ამბობენ, რომ ის ნამდვილი პოლიტიკოსია, რომელიც დიდი ხანია თავის საქმეს ემსახურება, ის სწორ მხარეს დგას და იცის რაზე საუბრობს.

დებატების პერიოდში უფრო მეტი ფოკუსი გაკეთდა წარსულზე, იყო პიროვნული თავდასხმები. ერთი მეორეს ასაკს უწუნებდა, მეორე კი ეუბნებოდა, რომ ის იყო დემოკრატიის საფრთხე. ერთმანეთს გაუხსენეს პირადი საკითხებიც - ტრამპმა ბაიდენს ჰანთერ ბაიდენის საკითხი გაუხსენა, ხოლო ჯო ბაიდენმა ტრამპს პორნო ვარსკვლავთან ურთიერთობები შეახსენა. ეს ყველაფერი კარგად აჩენდა პოლარიზებას, რაც თანამედროვე პოლიტიკის საერთო პრობლემად იქცა.

2020 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბაიდენი და ტრამპ ერთმანეთსვე დებატებში დაუპირისპირდნენ, თუმცა ატლანტის დებატებს ის განასხვავებდა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ამერიკის ისტორიაში, როდესაც ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტი უპირისპირდებოდა ერთმანეთს.

დღის ამბები