05 ივლისი 2024,   23:11
ვრცლად
არ უნდა იყოს დაძაბულობა, ცრუ მოლოდინები აბიტურიენტს არ უნდა შევუქმნათ, მუდმივად უნდა ვცადოთ, რომ განვაწყოთ აბიტურიენტი დადებითად - ფსიქოლოგი მეგი საჯაია

საქართველოში დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რასაც თან ახლავს მოსწავლეების დაძაბულობა, ნერვიულობა და სტრესი.

რა როლი აქვთ პედაგოგებსა და რეპეტიტორებს აბიტურიენტების წინასაგამოცდო განწყობაზე - ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" ეთერში ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა მეგი საჯაიამ ისაუბრა. საჯაია აღნიშნავს, რომ პედაგოგები უნდა ეცადონ, აბიტურიენტები დადებითად განაწყონ და არ შეუქმნან მათ ცრუ მოლოდინები.

ფსიქოლოგი ასევე საუბრობს მენტორობისა და დისციპლინის მნიშვნელობაზე, თუმცა ეს არ უნდა აგვერიოს სიმკაცრეში.

"ძალიან კარგია სიმულაციაც, კარგია, რომ ჩვენ გვქონდეს გამოცდილება, უშუალოდ გამოცდაზე რა გველოდება და როგორ, თუმცა ეს უნდა მოხდეს პედაგოგის მხრიდან ძალიან სწორად. არ უნდა იყოს დაძაბულობა, ცრუ მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ, არც თვითონ აბიტურიენტს არ უნდა შევუქმნათ. მუდმივად უნდა ვცადოთ, რომ განვაწყოთ აბიტურიენტი დადებითად.

ასევე, ჩვენი როლი, როგორც რეპეტიტორის, უნდა იყოს მენტორობა, დისციპლინა, მაგრამ არა სიმკაცრე, არა თვითშეფასების დადაბლება, არა თავდაჯერებულობის მოშლა, პირიქით - ხელშეწყობა იმის, რომ აბიტურიენტმა თვითრწმენა, თავდაჯერებულობა და თვითშეფასება არ გაიუარესოს ამ გამოცდების გამო, არამედ პირიქით," - განაცხადა ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა მეგი საჯაიამ.

რაც შეეხება აბიტურიენტების მხრიდან ცრურწმენებს, მაგალითად, გამოცდაში წარმატების შემთხვევაში, შემდეგ გამოცდაზეც იგივე ტანისამოსით მისვლა - ფსიქოლოგი მსგავს "აკვიატებებს" დადებითად აფასებს, თუ ის ერთჯერადია, და მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტმა ეს ხანგრძლივად არ აიკვიატოს.

"ჩვენ კოგნიციას ახასიათებს სიძუნწე კოგნიტური და დასწავლა, ეს არის შემდგომ უკვე აკვიატება, თუმცა ერთჯერადად, ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა და შეიძლება დავიჯერო, თუმცა, როგორც ასეთი, რომ აუცილებლად ეს ასე ხდება - სასურველია, რომ ეს არ მივაბათ," - ამბობს ფსიქოლოგი.

დღის ამბები