29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
სინგაპურში 16 სახეობის მწერი საკვებად ვარგისიანად აღიარეს - დაშვებული იქნება მათი იმპორტიც

სინგაპურის სურსათის სახელმწიფო სააგენტომ, ქვეყანაში გასაყიდად და საკვებად მოხმარებისთვის, მწერების 16 სახეობის ვარგისიანობა დაადასტურა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ქვეყნის სურსათის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ნებადართული იქნება იმ მწერების, ჭიებისა და კალიების იმპორტი, რომელიც საკვებად ვარგისიანად არის მიჩნეული.

მათივე განმარტებით, მწერების რეალიზაციისთვის, საჭირო იქნება შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მწერები ფერმაში, კომპეტენტური ზედამხედველობის ქვეშ არიან გაზრდილები.

უწყების განმარტებით, გარეულ ბუნებაში მოპოვებული მწერების რეალიზაცია დაუშვებელი იქნება. 

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, დიდი ხანია, საზოგადოების ნაწილი მწერებით იკვებება. თუმცა, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნების მსგავსად, მწერების ჭამა სინგაპურში ჯერ კიდევ სიახლედ რჩება.

მკვლევრებმა 2100-ზე მეტი საკვებად ვარგისი მწერების სახეობა დააფიქსირეს, რომელთაგან ბევრი მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და ცილებით არის მდიდარი.

დღის ამბები