08 სექტემბერი 2024,   03:38
ვრცლად
პირველი ორი კვარტლის განმავლობაში გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი, 519 მილიონი ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი - პრემიერი

პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი იძლევა ბიუჯეტის გაზრდის საშუალებას.

"მთლიანობაში, 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე გვქონდა მსჯელობა ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 100 მილიონი დაემატება თავდაცვის სამინისტროს, 80 მილიონი - განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, 33 მილიონით გაიზრდება კულტურის და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 10 მილიონი დაემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს, 10 მილიონი - რეგიონულ განვითარებას და ინფრასტრუქტურას, 6 მილიონით გაიზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, ცესკოს დაემატება 3 მილიონი ლარი, 60 მილიონი ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიების ბიუჯეტი და 102 მილიონი დამატებით გადაეცემა მუნიციპალიტეტებს. ასეთი არის შემოთავაზებული განაწილება, რის მიხედვითაც მომავალში ვიმოქმედებთ.

ასევე, აღვნიშნავ, რომ ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ, გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით და ასევე, ეფექტიანი მართვის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. ყველას გახსოვთ როგორც ცდილობდნენ ოპოზიცია და მათი მფარველები, მეგობრები, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით. არც მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დღეს ეროვნული ბანკი სწორედ ოპოზიციის კადრებით დაკომპლექტდებოდა. გვახსოვს ასეთი პროცესები წინა წლებიდან, რა თქმა უნდა, ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ. გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, ივნისში ასევე დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებელი. გვაქვს კარგი ტენდენციები, ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს, პირველი ორი კვარტლის მონაცემებიც კარგი და დამაიმედებელია. ასეთ პირობებში, გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდეს," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები