29 სექტემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტი დასრულებულია - შემაჯამებელი კომუნიკე და საქართველოზე გაკეთებული ერთადერთი ჩანაწერი

ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტი დასრულებულია. უკრაინამ 40 მილიარდის ევროს დახმარება, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ალიანსში შეუქცევადი გაწევრიანების მორიგი დაპირება მიიღო. კონკრეტული თარიღი ისევ არავის დაუსახელებია. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან ფორმალურ მიწვევას მაინც ითხოვდა, თუმცა ჯერ კიდევ 7 ივლისს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანებამდე, ჯერ უკრაინამ რუსეთი უნდა დაამარცხოს.

ნატოს სამიტის ვრცელი დეკლარაციაც ძირითადად რუსულ საფრთხეს, უკრაინისა და ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ფართომასშტაბიან ომს ეძღვნება. შემაჯამებელ კომუნიკეში ნახსენებია საქართველოც, თუმცა სხვა წლების დეკლარაციებისგან განსხვავებით, მხოლოდ რუსეთის ოკუპაციის კონტექსტში.

მადრიდი, ვილნიუსი, ბრიუსელი - ნატოს ყველა წინა სამიტზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები გაიმეორეს, თუმცა ამჯერად საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დოკუმენტში ნახსენები არ არის.

ყველაფერი, რაც ნატოს ხედვასა და ქმედებას ეხება, საბოლოო დეკლარაციაშია თავმოყრილი. ამიტომაცაა, რომ ალიანსის ყველაზე პირდაპირ და ხელშესახებ საფრთხედ რუსეთის ფედერაცია დასახელდა. აქედან გამომდინარეობს ის ჩანაწერიც, სადაც ლიდერები ევროპის კონტინენტზე მიმდინარე სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ ერთობისა და სოლიდარობის ურყეობას გამოხატავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის გამარჯვებამდე მისი მხარდაჭერა გაგრძელდება.

კომუნიკეში ყველაზე მეტი თავი ნატოს გაძლიერებას, უკრაინის გვერდში დგომას და რუსეთის პასუხისმგებლობას ეხება. სწორედ აქ არის საქართველოზე გაკეთებული ერთადერთი ჩანაწერი, რომლითაც ნატო მოლდოვას და საქართველოს ტერიტორიებიდან, რუსეთს ჯარების გაყვანას მოუწოდებს.

დეკლარაციაში დაკავებული ადგილით და მოსმენილი განმარტებებით უკმაყოფილოა "ქართული ოპოზიცია". პარლამენტარებმა დღეს მადრიდისა და ვილნიუსის ბოლო სამიტები გაიხსენეს, სადაც ჯარების გაყვანის გარდა, საქართველოს შესახებ სხვა ბევრი მხარდამჭერი ჩანაწერი გვხვდებოდა, მათ შორის ნატოს მთავარი, უცვლელი და დეკლარირებული გზავნილი, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პათოსში, საქართველო აუცილებლად გახდებოდა ჩრდ. ატლანტიკური ალიანსის წევრი.

კოლეგების ბრალდებების საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "მტკიცე მხარდაჭერის მისიები" გაიხსენა, რომელშიც 2021 წლამდე საქართველო ყველაზე დიდი კონტინგენტით და მსხვერპლით მონაწილეობდა. ხაზი გაუსვა 3 წლის წინ, ავღანეთიდან ნატოს ჯარების სწრაფი გამოყვანის უზრუნველყოფაში თბილისის როლსაც. რაც შეეხება შარშანდელს, ვილნიუსის უკანასკნელი სამიტის კომუნიკეში, მართლაც გვხვდება ვრცელი ჩანაწერები მათ შორის რუსეთის მიმართ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების უკან წაღებაზე, რეგიონის მილიტარიზაციის შეჩერებაზე, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაზე. თავდაცვის მინისტრის ხედვით წლევანდელი დეკლარაციის საგანგაშოდ წარმოჩენა სუბიექტურ აღქმებს ეყრდნობა, ობიექტურად კი პრობლემას ვერ ხედავს.

ვაშინგტონის სამიტის პოლიტიკურ დოკუმენტში ნატოს ღია კარის პოლიტიკა ახალი წევრების, შვედეთისა და ფინეთის კონტექსტშია დაფიქსირებული და აღნიშნულია, რომ უსაფრთხოებითი ალიანსების არჩევაში, ქვეყნები თავისუფლები უნდა იყვნენ. გამეორებულია დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის კონტექსტიც, რომლის მიხედვითაც, ნატო ამ რეგიონების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთგული რჩება, ისევე როგორც ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყნებისა. კომუნიკეთი პატივი მიაგეს ყველა იმ პირსაც, რომელმაც გლობალური უსაფრთხოების მისიებში უმაღლესი ფასი გადაიხადა.

 

 

 

 

დღის ამბები