29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"ხალხის ძალა" ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრობს - მოძრაობაში ამბობენ, რომ პლატფორმის შექმნაზე ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობენ

"ხალხის ძალა" ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრობს. ამბობენ, რომ გზა, რომელმაც დაპირისპირებული პარტიები ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს, სალომე ზურაბიშვილზე გადის. ამის შესახებ პარტიამ ჯერ ვრცელ წერილში, მოგვიანებით კი მედიასთან ისაუბრა.

სქემა ასეთია - პირველ ეტაპზე ზურაბიშვილის გარშემო ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი და შოთა შალელაშვილი გაერთიანდებიან, მოგვიანებით კი სწორედ ეს პლატფორმა გახდება, ახალი ცენტრი, რომელიც გახარიას პარტიას და "ლელოს" პოლიტიკურ ერთობას უზრუნველყოფს.

"ხალხის ძალის" ინფორმაციით, ოპოზიციურ გადაჯგუფებაში მნიშვნელოვანი როლი სალომე ზურაბიშვილს ექნება, რომლის სტატუსმაც ახალ გაერთიანებას ლეგიტიმაცია უნდა შესძინოს. შუა რგოლს, რომ ზურაბიშვილთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, ეს დღეს ეკა ბესელიამ დაადასტურა, თუმცა პოლიტიკური გეგმების გამხელის გარეშე.

დაიწყო თუ არა გახარიასა და "ლელოს" პოლიტიკური შერიგების პროცესი? მხარეებს ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. დღეს შესაძლო ახალ კონფიგურაციაზე დასმულმა შეკითხვამ, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გააღიზიანა. ექსპრემიერის პარტიის წევრებმა კი თქვეს, რომ ზურაბიშვილის შუამავლობით, "ლელოსთან" გაერთიანებაზე საუბარი აბსურდულია.

ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე საუბარი არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის, სადაც დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის ნებისმიერი გაერთიანება მარცხისთვისაა განწირული. "ქართული ოცნებიდან" ყოფილ ბანკირებს და ექსპრემიერს დღეს ერთმანეთში არსებული დაპირისპირებებიც შეახსენეს.

არჩევნებამდე თითქმის 4 თვეა დარჩენილი, ოპოზიციურ ველზე კი ადგილები საბოლოოდ გადანაწილებული არ არის. ვინ ვისთან დაჯგუფდება და რამდენი ცენტრი შეიქმნება ოქტომბრამდე, ეს სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები