29 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ხან-იუნუისის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ათეულობით ადამიანს კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდა

ხან-იუნუისის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმას, 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღაზის სექტორის მიმართულებით განხორციელებული იერიშის სამიზნე კარვების ქალაქი იყო. დაშავებულებს ნასერის ჰოსპიტალში მკურნალობენ. ათეულობით ადამიანს სიცოცხლის გადასარჩენად კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდა.

თავდასხმას გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის სამინისტრო. "ცახალის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უწყებისთვის იერიშის განხორციელების მიზეზი ოპერატიული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ჰუმანიტარულ ბანაკში 7 ოქტომბრის ტერაქტის მონაწილე ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" წევრი იმალებოდა. სამინისტრო ირწმუნება, რომ ჰუმანიტარულ ზონაზე თავდასხმას ტერორისტების განადგურების მიზნით განხორციელდა.

ღაზაში "ცახალის" სამხედრო კამპანიის პარალელურად, ისრაელის უმსხვილეს ქალაქებში ანტისამთავრობო დემონსტრაციები არ წყდება. ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი მძევლების ნათესავები ნეთანიაჰუს მთავრობას ტყვეების გაცვლის შეთანხმების საბოტაჟში ადანაშაულებენ. ამერიკის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა, ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" და ისრაელის მხარეს შორის, ყატარისა და ეგვიპტის შუამავლობით უშედეგოდ მიმდინარეობს.

ცნობილია ისრაელის მიერ სამშვიდობო გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაც. ნეთანიაჰუ ცეცხლს მანამდე არ შეწყვეტს, ვიდრე "ჰამასს" სრულად არ გაანადგურებს, ღაზას სექტორს ისრაელისთვის უსაფრთხო ზონად აქცევს და ტერორისტული დაჯგუფების მიერ გატაცებულ ყველა მძევალს არ დაიბრუნებს.

პარალელურად ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფაა. "გაეროს" ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტები ისრაელს კონფლიქტის ზონაში შიმშილის მოწყობაში ადანაშაულებენ. წყლისა და საკვების არქონის გამო ღაზაში ათეულობით ბავშვი შიმშილით იღუპება. ახლო აღმოსავლეთში ომს, უკვე ემსხვერპლა 39 433 ადამიანი.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

 

 

დღის ამბები