29 სექტემბერი 2024,   05:28
ვრცლად
"ალბანეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიციის ლიდერი პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაშია" - ტირანაში არეულობაა - დემონსტრანტები მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან და სამთავრობო შენობებს უტევენ

ალბანეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ანტისამთავრობო დემონსტრანტები მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან და პოლიციასთან ხელჩართულ ბრძოლაში შედიან. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედი რამას კორუფციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

მომიტინგეებმა სამთავრობო შენობას შეუტიეს და მერიას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

არეულობის შედეგად გაჩენილი ხანძრები პოლიციამ ჩააქრო.

მომიტინგეები ასევე ითხოვენ ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას, რომელიც შინაპატიმრობაშია.

სალი ბერიშა, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 2005-2013 წლებში, ეჭვმიტანილი იყო კორუფციაში, თუმცა პროკურატურამ, ჯერჯერობით, ვერ მიიღო გადაწყვეტილება, წარუდგინონ თუ არა ოფიციალურად ბრალი.

"ალბანეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიციის ლიდერი პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში იმყოფება ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებებისა და დოკუმენტების გარეშე“, - ამბობს ბერიშა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისივე განცხადებით, ედი რამას სურს ალბანეთი ალბანელების, ოპოზიციისა და სამართლიანობის გარეშე.

ოპოზიციის ლიდერი მოუწოდებს მხარდამჭერებს, ჩაერთონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში და აიძულონ მთავრობა, ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს.

 

წყარო: Reuters

დღის ამბები