29 სექტემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ვაშინგტონი, ბრიუსელი, ბერლინი და პარიზი - შეჩერებული ფინანსური დახმარებები და კრიტიკა დასავლეთიდან

ვაშინგტონი, ბრიუსელი, ბერლინი და პარიზი - დასავლური ფული საქართველოს ბიუჯეტისთვის გაყინულია, მათ შორის ქართული ჯარისთვის.

ევროინტეგრაციის პროცესის გარდა, პარტნიორებმა ფინანსური დახმარებებიც შეაჩერეს, თუმცა ეს არ ეხება არასამთავრობო სექტორს.

რა თანხებს აჩერებს პარიზი - ეს არის ევროკავშირის დახმარებაში ფრანგული თანამონაწილეობა, თუ პირდაპირი გადმორიცხვები საფრანგეთიდან. პარიზის გადაწყვეტილება ფრანგმა დიპლომატმა გაახმოვანა. შერაზ გასრიმ დროებითი ნორმა, ევროპული საბჭოს უკანასკნელი დასკვნით განმარტა. შეფასების მიხედვით, პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების ევროპულ მიზნებსა და არჩეულ კურსს შორის, დიდ შეუსაბამობაზე წუხან. ევროკავშირის გადაწყვეტილების პარალელურად, ფრანგი დიპლომატი ამბობს, რომ პარიზი, ახლა სხვების მსგავსად, საქართველოში მედიისა და არასამთავრობო სექტორის გაძლიერებით დაკავდება. გადაწყვეტილება კი მაშინ გადაიხედება, როდესაც მთავრობა არჩეულ კურსს შეცვლის.

კალაპოტიდან ამოვარდნილი ორმხრივი ურთიერთობები დასავლეთთან, ოპოზიციისთვის მხოლოდ "ქართული ოცნების" ბრალეულობაა. სწორედ ამიტომ, დამატებითი ფინანსური რესურსის დაკარგვაზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ. მიზეზად კი, პარტნიორებთან მიმართებით "ქართული ოცნების" აგრესიულ რიტორიკასა და ნაბიჯებს ასახელებენ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ევროსკეპტიკოსები პარლამენტიდან და საზოგადოებრივი მოძრაობებიდან, დამნაშავეს ევროპაში ეძებენ.

ევროკავშირის დაფინანსება, მათ შორის პარიზისა და ბერლინის სახსრებით, მნიშვნელოვან პროექტებს ხმარდებოდა. მათი დროებითი გაყინვა კი, ხელისუფლების ერთი ნაწილის თქმით, საფრანგეთის თავისუფალი, თუმცა სამწუხარო არჩევანია, ნაწილის თმით კი, არამეგობრული ჟესტი და გაუგებარი დიპლომატია.

ევროკავშირში თვლიან, რომ ამ ეტაპზე საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ვიდრე ბრიუსელის გადაწყვეტილების ფარგლებში საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაყინვაზე საფრანგეთი განაცხადებდა, 2 დღის წინ, იგივე თქვა გერმანიამაც. მანამდე კი იყო ევროკავშირის მიერ გაყინული 30 მილიონი, რომელიც საქართველოს თავდაცვას უნდა მოხმარებოდა. საპასუხოდ კი, მთავრობამ თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიონით გაზრდა დააანონსა.

დღის ამბები